ვინ აკონტროლებს უფასო სასადილოებს?
თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად, უფასო სასადილოებია.
ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ, არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს. დღეისთვის უფასო სასადილოები სოაციალურად დაუცველებს ერთჯერად ცხელ სადილს სთავაზობს, რომლის კილოკალორაჟი 1100 კილოკალორიას შეადგენს, რითაც 39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.“- განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოველ დღე, 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის განკუთვნილ თანხას დედაქალაქის მთავრობის ჩინოვნიკები, საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი და კომპანის მეწილეები ინაწილებენ. სოციალურად დაუცველი მოქალაქებისთვის კი რეალურად სალაფავი მზადდება, რომელსაც თითქმის აღარავინ მიირთმევს.